მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა. მოქმედმა ჩემპიონმა მერვედფინალის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე მიიღო “პარი სენ-ჟერმენი” და მიუხედავად იმისა, რომ მდევრის როლში იყო, ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეძლო.
ანგარიში პარიზელთა შორის ადრიენ რაბიომ გახსნა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა – 1:1. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელთა მაისურით ეს მისი მე-100 გოლი იყო. მანვე 83-ე წუთზე “რეალი” წინ გაიყვანა, სამ წუთში კი მარსელოს გოლით “სამეფო კლუბმა” 3:1 მოიგო.
ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 1:3 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გუნდების 33 პროცენტი გადიოდა.
განმეორებითი შეხვედრა 6 მარტს, პარიზში გაიმართება.