სამშაბათს გამართული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების მეორე წყვილშიც სტუმარმა გუნდმა მოიგო.
მიუნხენის “ბაიერნმა” სევილიაში ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა და 2:1 გაიმარჯვა, არადა ანგარიში “სევილიამ” გახსნა 32-ე წუთზე: სერხიო ესკუდერომ ჩააწოდა მარცხნიდან, პაბლო სარაბიამ მოიგო ბურთისთვის ბრძოლა და სვენ ულრაიხს გაუტანა.
საინტერესოა, რომ “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-13 გასვლით მატჩში გაუშვა გოლი.
“რეკორდმაისტერმა” ხუთი წუთის შემდეგ გაათანაბრა და ამაში მეტოქე დაეხმარა, კერძოდ, ხესუს ნავასი, რომელმაც საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი რიბერის პასის შემდეგ.
გერმანიის ჩემპიონს გამარჯვება ტიაგო ალკანტარამ მოუტანა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა. საგოლე პასი რიბერიმ შეასრულა.
“ბაიერნის” დამრიგებელი იუპ ჰაინკესი პირველი მწვრთნელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.
განმეორებითი მატჩი მიუნხენში 11 აპრილს გაიმართება.