მოტოგრანპრიში 2018 წლის სეზონი ყატარის გრანპრით გაიხსნა, რომელიც “დუკატის” იტალიელმა მოტომრბოლელმა ანდრეა დოვიციოზომ მოიგო.
პოულიდან სტარტი “იამაჰას” წევრმა ჟოან სარკომ აიღო, რომელსაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარკ მარკესი მიჰყვა. მათ შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები, მესამეზე კი გადავიდა ვალენტინო როსი. რამდენიმე წრის განმავლობაში, პირველი ექვსეული მჭიდრო ჯგუფად მიდიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა.
ფინიშამდე 17 წრით ადრე, როსიმ შეძლო მარკესის გასწრება და ახლა ის ჩაუდგა კვალში სარკოს, მაგრამ რამდენიმე შეტევის მიუხედავად, გასწრება ვერ შეძლო.
ცოტა ხანში როსიმ ტემპს უკლო და წინ გაუშვა მარკესი და დოვიციოზო. ამ პილოტებმა რამდენჯერმე ადგილები გაცვალეს, მაგრამ ლიდერი უცვლელი რჩებოდა.
ყველაფერი ფინიშამდე ხუთი წრით ადრე შეიცვალა, როცა დოვიციოზომ და მარკესმა სარკოს გვერდი აუარეს და წინ გავიდნენ. სულ მალე როსიმაც შეძლო ყოფილი ლიდერის გასწრება.
ბოლო წრეზე მარკესმა შეტევა მოამზადა და წამით წინ გავიდა, მაგრამ დოვიციოზომ ტრაექტორიები გადააჯვარედინა, ლიდერობა აღიდგინა და გამარჯვებაც მოიპოვა. მარკესი მეორეზე გავიდა 27 მეათასედი წამის ჩამორჩენით. ასევე წამზე ნაკლები წააგო მოგებულთან ვალენტინო რომის, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა.