ჩეხი სენატორები დუშეთის შშმ პირების პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს გაეცნენ
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანსიონატს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მილუშე ჰორსკა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკასი სტუმრობდა.
საპატიო სტუმრები პანსიონატში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და პანსიონატის დირექტორმა გიორგი მარტყოფიშვილმა მიიღო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა, დესკ-ოფიცერი ევა კარლიკოვა და პროექტების მენეჯერი თამარ კურტანიძე.
ჩეხმა სტუმრებმა მოინახულეს სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული დუშეთის პანსიონატი, ადგილზე გაეცნენ პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების საჭიროებებსა და მიმდინარე პროცესებს. ამასთან, დაათვალიერეს ჩეხეთის კარიტასის პროექტის ფარგლებში შეძენილ კერძო სახლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, რაც დაკავშირებულია ახალი სერვისების შექმნასთან.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ჩეხეთის კარიტასის მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციას. კერძოდ კი, უახლოეს მომავალში განხორციელდება დიდი ზომის პანსიონატებში მცხოვრები შშმ პირებისთვის თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლებით უზრუნველყოფა.
საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიროსლავ ადამეკი და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი ვაცლავა ბრაბცოვა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩეხეთის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლები იქნება ერთგვარი მოდელი, თუ რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვაში უწევთ გადასვლა.
აღსანიშნავია, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მარტყოფის შშმ პირების პანსიონატშიც ხორციელდება.
ინფორაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.