ჩეხეთში ასამართლებენ მასწავლებელს, რომელსაც გაკვეთილზე უკრაინის შესახებ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ
ჩეხეთში ასამართლებენ მასწავლებელს, რომელსაც გაკვეთილზე უკრაინის შესახებ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ჩეხეთში ასამართლებენ მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილზე უკრაინის შესახებ რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მარტინა ბერდნაროვას გენოციდის გამართლების ბრალდება აქვს წაყენებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბერდნაროვას 1,5-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავად პედაგოგი ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ მოსწავლეებს ფაქტებს უყვებოდა.

გამოძიების თანახმად, სკოლის პედაგოგი 13-14 წლის მოწაფეებს არწმუნებდა, რომ უკრაინელი სამხედროები ნეონაცისტები არიან, ატყავებენ უკრაინის რუსულენოვან მოქალაქეებს და ცოცხლად წვავენ მათ. ასევე, მასწავლებელი ამტკიცებდა, რომ კიევში „ომი არ არის“. ამის დასამტკიცებლად ის აცხადებდა, რომ აქვს ნანახი კიევის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და ქალაქში ბრძოლა არ მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, როდესაც მოსწავლეები პედაგოგს შეეკამათნენ და აჩვენეს ჩეხეთის ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც კიევში ცეცხლის ალში გახვეული შენობები იყო ნაჩვენები, მასწავლებელმა ბავშვებს უთხრა, რომ ინფორმაცია სხვა წყაროებიდან მიეღოთ, რადგანაც „ჩეხეთის ტელევიზია ბიზნესმენსა და ფილანტროპ ჯორჯ სოროსს ეკუთვნის“. ერთ-ერთმა მოწაფემ მასწავლებლის საუბარი ფარულად ჩაწერა და მშობლებს აჩვენა. შედეგად, პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს. ბერდნაროვა შეეცადა, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაესაჩივრებინა, თუმცა საქმე წააგო.