ჩეხეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს
ჩეხეთის სპეცსამსახურებმა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხალ კოუდელკამ განაცხადა.
„ქსელი სრულად გამოვლენილია და ლიკვიდირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრთან შესანიშნავი თანამშრომლობის შედეგად. გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მიხაილ კოუდელკამ.
ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გამოვლენილი ქსელი კიდევ უფრო გრძელი ჯაჭვის ნაწილია, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედებისთვის ამზადებდნენ.
კოუდელკას ინფორმაციით, აგენტურული ქსელი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ იყო შექმნილი და პრაღაში რუსეთის საელჩოს მიერ ფინანსდებოდა. მისი თქმით, ჯაშუშური ქსელის მიზანს სპეციალურად შექმნილი სერვერების გამოყენებით ჩეხეთში სხვადასხვა სამიზნეებზე, ასევე ჩეხეთის პარტნიორ ქვეყნებზე თავდასხმების განხორციელება იყო.
რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს.
„ცნობები იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ფედერაციის საელჩო ჩეხეთში აფინანსებდა გარკვეულ ქსელს, არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან“, – განაცხადეს რუსეთის საელჩოში.
გასული წლის დეკემბერში მიხალ კოუდეკამ ასევე განაცხადა ქვეყანაში რუსული ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების, ასევე ჩინელი ჯაშუშების გამოვლენის შესახებ.