ჩეხეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოში პრესტური მოეწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში „ნეშენალ ჯეოგრაფიკის“ (National Geographic), „ფორბსის“ (Forbes), „ვოგის“ (Vogue), „კოსმოპოლიტენის“ (Cosmopolitan) ჩეხური რედაქციების წარმომადგენლებისა და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის საქართველოში პრესტური გაიმართა.
ჟურნალისტები ყვარელს, თელავსა და წინანდალს სტუმრობდნენ. თბილისში უცხოური მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული კერძების, ღვინისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს ცნობადობის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში, ჩეხეთიდან დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებს. გვსურს, უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი დავანახოთ, რომ შემდეგ ბევრი პოზიტური სტატია დაწერონ საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ინტერესს და ევროკავშირის ქვეყნებიდან მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩეხეთიდან საქართველოში 66.8 პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.