ჩეხეთის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის ე.წ. პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჩეხეთის რესპუბლიკა გმობს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამას“ და მას საერთაშორისო სამართლის, ასევე რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ნაბიჯები, რომლებიც ხელს უშლის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების დასტაბილურების ძალისხმევას და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ჩეხეთის რესპუბლიკა გამოხატავს მის სრულ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ , – ვკითხულობთ ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ რუსეთთან „ერთიან სოციალ-ეკონომიკურ სივრცეს“ ორ-სამ წელიწადში შექმნიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების ე.წ. პროგრამის დამტკიცება დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯია.