ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა
თბილისში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების თემაზე მომუშავე აქტორების ერთ სივრცეში გაერთიანებას და მათთვის People in Need-ის მიერ განხორციელებული მედიაწიგნიერების პროექტის შედეგების გაზიარებას.
ღონისძიებას დაესწრნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი.
მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ – PIN საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კელი კრისტინა ჰაინსი, ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები.
„ღონისძიება სამი პანელისგან შედგებოდა. პირველ პანელზე დრო დაეთმო პროექტის პრეზენტაციას და OWIS-ის (One World in Schools) მეთოდოლოგიის გაცნობას, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით, რაც უკვე ათი წელია, წარმატებით გამოიყენება ჩეხეთის რესპუბლიკაში, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში. გარდა ამისა, პროექტის მონაწილე ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული მედიაინიციატივები; მეორე პანელზე, აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, ენახა დანიის კინოპროდუქტი, ნიკოლაას ვეულის ფილმი „გამო(მ)იწერე“, რომელიც „ინსტაგრამსა“ და ყალბი გამომწერების შესახებ გვიყვება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა განხილვა და დისკუსია; მესამე პანელზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად მიმოიხილეს მედიაწიგნიერების სხვადასხვა საკითხი და მედიაგარემო საქართველოში, რა გამოწვევები და მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით და რა როლი აქვს ციფრული უნარების დანერგვას სასკოლო განათლებაში.
პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციის, People in Need-ის მიერ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან თანამშრომლობით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.