ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას „ტვიტერში“ ეხმაურება
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლნებით, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებით. ჩვენ ვგმობთ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევას და რეგიონში საერთაშორისო უფლებადამცველების ინსტიტუტების სრულ დაშვებისკენ მოვუწოდებთ“, – ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.