ჩეხეთის პროკურატურამ უკრაინელი ლტოლვილებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილის მითვისების გამო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს ბრალი წაუყენა
ჩეხეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდის, Help Ukraine-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ გერგელს თანხების მითვისების გამო ბრალი წაუყენა. ის თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც მედია წერს, გამოძიება ეჭვობს, რომ მან ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან საზოგადოებრივი ცენტრის, „როზტილის“ დასაფინანსებლად გამოყოფილი 20 მილიონი კრონიდან თანხის ნაწილი მიითვისა.
აღნიშნული ცენტრი უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი შვილების ინტეგრაციის მიზნით დაარსდა და ის უკრაინელი ლტოლვილებისთვის უფასო უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩეხეთის ტელევიზიამ გამოარკვია, რომ ფონდი Help Ukraine თანხას იღებდა უკრაინელი მშობლებისგან და ცენტრის აღმზრდელებს თვეების განმავლობაში არ უხდიდა ანაზღაურებას.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ განათლების სამინისტროსგან 15 მილიონი ჩეხური კრონის პირველი ტრანშის მიღებიდან მეორე დღესვე გერგელმა ორი მილიონი კრონი დედის ანგარიშზე გადარიცხა. მოგვიანებით კი დაახლოებით ექვს მილიონამდე კრონი გაანაღდა ფონდის ანგარიშიდან და რვა მილიონი კრონი პრაღაში ბინის შესაძენად გადაიხადა.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა გერგელს დაუყადაღეს 12 მილიონი ჩეხური კრონის ღირებულების აქტივები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.