ჩეხეთის პრეზიდენტი - რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან პეკინისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია
რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან პეკინისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩინეთის ინტერესებშია სტატუს-კვოს გაგრძელება, რადგან ამან შეიძლება, რუსეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგოს. არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი დაინტერესებულია ომის დასრულებით. ჩინეთი ყოველდღიურად აკვირდება, რას აკეთებს რუსეთი და როგორ რეაგირებს დასავლეთი“, – განაცხადა პაველმა.
მისივე თქმით, პეკინს, კრემლთან პარტნიორობის სანაცვლოდ, შეუძლია, მოსკოვისგან იაფად მიიღოს ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები, ასევე ჩინეთისთვის მომგებიანია უკრაინის მხარდაჭერის შედეგად დასავლეთის შესუსტება.