პრაღის ცენტრში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტების უკმაყოფილების მიზეზი პრემიერ-მინისტრის შვილის სკანდალს უკავშირდება.
მანამდე ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებს.
როგორც ბაბიშის შვილმა ინტერვიუში განაცხადა, გასულ წელს ის ყირიმში იძულებით ჩაიყვანეს, რათა კორუფციული გამოძიებისთვის გაერიდებინათ. თავდაპირველად პრემიერის შვილმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ის გაიტაცეს და ანექსირებულ ყირიმში ძალით წაიყვანეს. ანდრეი ბაბიშმა აღიარა, რომ მისი შვილი ყირიმის ნახევარკუნძულზე მართლაც იმყოფებოდა, თუმცა განაცხადა, რომ ის არავის მოუტაცია. პრემიერის განმარტებით, მისი შვილი, რომელიც შვეიცარიის მოქალაქეა, 2015 წლიდან შიზოფრენიას მკურნალობს.
ბაბიში-უმცროსი მამასთან და ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად, ევროკავშირის ფონდებთან დაკავშირებული ფინანსური მაქინაციების საქმის გამოძიებაში ფიგურირებს. კერძოდ, საქმე ეხება ბაბიშის ოჯახის მიერ საკონფერენციო ცენტრის „წეროს ბუდის“ რეკონსტრუქციის ხარჯებს, რომელთა ნაწილი ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით დაიფარა. ბაბიშს ევროკავშირის ფონდებიდან ორი მილიონი ევროს ოდენობის თანხის არალეგალური გზით მიღებას ედავებიან.