ჩეხეთის პარლამენტში პრემიერ ანდრეი ბაბიშის მთავრობას ნდობა არ გამოუცხადეს
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ის, რომ პარლამენტი ბაბიშის მინისტრთა კაბინეტს არ დაამტკიცებდა, მოსალოდნელი იყო, რადგან პრემიერ-მინისტრის პარტია პარლამენტში უმრავლესობას არ ფლობს. როგორც პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, ის ანდრეი ბაბიშს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჩამოყალიბების მანდატს მისცემს.
ოქტომბერში ბაბიშის ცენტრისტულმა მოძრაობა ANO-მ ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად 200-ადგილიან პარლამენტში 78 ადგილი მოიპოვა. თუმცა პარლამენტში მოხვედრილი რვა პარტიიდან დანარჩენებმა უარი თქვეს ბაბიშის პარტიასთან სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე.
მოძრაობა ANO 2011 წელს მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა დაარსა, რომელიც ყოფილ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლის მაისში გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდების გამო ის იძულებული იყო, ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა. მოგვიანებით, პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ევროკავშირისგან ორი მილიონი ევროს ოდენობის სუბსიდიების მიღების საქმეში ბაბიშს თაღლითობაში წაუყენეს ბრალი.
ანდრეი ბაბიში ჩეხეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს. ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება ოთხ მილიარდ დოლარად შეაფასა. დასავლური მედია ბაბიშს სკანდალური განცხადებების გამო ჩეხ ტრამპსაც კი უწოდებს.