ჩეხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება ჩაიშალა
ჩეხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება ჩაიშალა

ჩეხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება ჩაიშალა. ოპოზიციამ ანდრეი ბაბიშის გადასაყენებლად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. თავად პრემიერ-მინისტრმა კი ოპონენტები ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

26 ივნისს გამართული კენჭისყრის შედეგად, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამავე რაოდენობის დეპუტატი კი წინააღმდეგი წავიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს კომუნისტური პარტიის წევრებმა, რის გამოც ბაბიშმა თანამდებობის შენარჩუნება შეძლო.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს ოპონენტები ევროკავშირის ფონდებიდან სოლიდური თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბაბიში დაკავებული თანამდებობით სარგებლობდა და ევროკავშირის სუბსიდიებს საკუთარ კერძო კომპანიას ურიცხავდა.

23 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრ ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა.