Check in georgia-ს ფარგლებში წელს 300-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება
2018 წელს Check in georgia-ს ფარგლებში 300-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
ჩოგოვაძის თქმით, Black Sea Arena უახლოეს მომავალში იმ ვარსკვლავების სიას გაასაჯაროებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ.
„2018 წელს Check in georgia-ს ფარგლებში 300-ზე მეტი ღონისძიების გამართვა იგეგმება. პროექტისთვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან, 6 მილიონს სუბსიდირების სახით სხვადასხვა ფესტივალებისა და პროექტების სახით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. დაახლოებით 13,2 მლნ ლარს Black Sea Arena აითვისებს. ისინი სულ რამდენიმე დღეში იმ ვარსკვლავების სიას წარმოადგენენ, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, წელს საქართველოში ტურისტების და საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან.
ჩოგოვაძის თქმით, შავი ზღვისპირეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი მაისში გაიხსნება.
„წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ველოდებით და მათ მრავალფეროვან პროგრამებს შევთავაზებთ იმისთვის, რომ საქართველოდან სამშობლოში უკეთესი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.