ჩეჩნეთის პარლამენტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, თანამდებობა ზედიზედ სამი ვადით დაიკავოს
ჩეჩნეთის პარლამენტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უფლებას მისცემს, თანამდებობა ზედიზედ ორის ნაცვლად, სამი ვადით დაიკავოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
როგორც ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რუსეთის კონსტიტუციაში მსგავსი შესწორების შეტანა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს არ ლახავს. ჩეჩნეთის საკანონმდებლო ორგანო გეგმავს, კანონპროექტი განსახილველად რუსეთის სახელმწიფო დუმას წარუდგინოს.
რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ეკუთვნის. კადიროვის თქმით, ვიდრე რუსეთის ლიდერი ჯანმრთელად არის, ახალ პრეზიდენტზე ფიქრი საჭირო არ არის. ჩეჩნეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
7 მაისს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიამდე ორი დღით ადრე კი, რუსეთის ათობით ქალაქში ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ 1600-მდე ადამიანი დააკავა.
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის თანამდებობა მეოთხე ვადით დაიკავა. 2008 წელს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება ოთხიდან ექვს წლამდე გაიზარდა.