ჩარლზ ტანოკი - მოხარული ვართ, ვიხილოთ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი ქვეყნის აყვავება
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მოხარული ვართ, ვიხილოთ თქვენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი ქვეყნის ეკონომიკის აყვავება, – აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა, ჩარლზ ტანოკმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობა საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაში დაეხმარება.
„ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს თქვენს გრძელვადიან ევროპულ მისწრაფებებს. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალაში შევიდა ა.წ. მაისიდან ასევე ეხმარება აღნიშნულ პროცესს“, – განაცხადა ჩარლზ ტანოკმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპარლამენტარი მიესალმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და დემოკრატიულ მიმდინარეობას. ასევე განაცხადა, რომ აღსანიშნავია საქართველოს მიერ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპული პროექტების დამსახურების დაფასება. ჩარლზ ტანოკმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც ეწინააღმდეგება თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეას. მისი თქმით, ევროკავშირი წინ უნდა აღუდგეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მილიტარიზაციას, ასევე აქტიურ დისკრიმინაციას, რომელიც მიმდინარეობს ეთნიკური ქართველების მიმართ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში.
„ვუერთდები ჩემს კოლეგებს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ბრიტანელი ევროპარლამენტარები ყოველთვის მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს, მის მიერ კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.