ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფედ დღეს ოფიციალურად გამოცხადდება
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III ისტორიულ ცერემონიაზე, დღეს მეფედ ოფიციალურად გამოცხადდება.
ჩარლზი ბრიტანეთის მეფე დედის, ელისაბედ მეორის გარდაცვალებისთანავე გახდა, თუმცა მემკვიდრის ოფიციალური გამოცხადება სამეფო ტახტის მემკვიდრის საბჭოს სხდომაზე ხდება, რომელიც სუვერენის გარდაცვალების შემდეგ შეძლებისდაგვარად სწრაფად იმართება.
საბჭოს სხდომა 13:00 საათზე (ბრიტანეთის დროით 10:00 საათზე) დაიწყება, სადაც მეფე პირად განცხადებას გააკეთებს დედოფლის გარდაცვალების შესახებ და დადებს ფიცს, რომ დაიცავს შოტლანდიის ეკლესიას – რადგან შოტლანდიაში ძალაუფლება გაყოფილია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. დამსწრეთა შორის იქნება ჩარლზის მეუღლე კამილა, რომელსაც ახლა დედოფალი-კონსორტის ტიტული აქვს, და მეფის ვაჟი, უილიამი, რომელიც უელსის ახალი პრინცია.
პირველი საჯარო გამოცხადება უნდა მოხდეს ლონდონის წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან ადგილობრივი დროით 11:00 საათზე. ჰაიდ პარკში და ლონდონის თაუერში საყვირებს დაუკრავენ და იქნება გასროლა.
„ჩვენ ყველანი ვიქნებით წმინდა ჯეიმსის სასახლეში და ყველა მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალი მონარქი უნდა იყოს მეფე ჩარლზი. შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას, რომელიც ეუბნება ამ ქვეყნის მოქალაქეებს რომ ის მათი ახალი მეფეა. რომ ის ახლა ოფიციალურად არის გამოცხადებული“, – თქვა ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ქალმა დეპუტატმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ჰარიეტ ჰარმანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში.
ისტორიულად, სამეფო ტახტის მემკვიდრის საბჭოს ესწრება საიდუმლო საბჭოს ყველა წევრი, რომელიც არის სუვერენის მრჩეველთა ორგანო და თარიღდება ნორმანების მეფეების დროიდან. ისინი თავდაპირველად იკრიბებიან წმინდა ჯეიმსის სასახლეში მეფის გარეშე. კონსერვატორი დეპუტატი პენი მორდანტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა მრჩეველთა საბჭოს პრეზიდენტად დანიშნა, გამოაცხადებს სუვერენის გარდაცვალებას. საბჭოს კლერკი ხმამაღლა წაიკითხავს ტექსტს, მათ შორის, ჩარლზის მიერ არჩეულ მეფის ტიტულს – რომელიც არის ჩარლზ III. პროკლამაციას ხელს აწერს ჯგუფი, რომელშიც შედის დედოფალი-კონსორტი, უელსის პრინცი, კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ლორდი კანცლერი, იორკის არქიეპისკოპოსი და პრემიერ მინისტრი. ლორდი პრეზიდენტი დამსწრეებს დუმილისკენ მოუწოდებს და წაიკითხავს საქმის დარჩენილ საკითხებს, რომლებიც ეხება საჯარო განცხადებებს და ბრძანებებს იარაღის მისალმების შესახებ ჰაიდ პარკსა და ლონდონის თაუერში. ამის შემდეგ, წესისამებრ, მეფე შედის საბჭოს მეორე ნაწილში, რომელსაც ესწრებიან მხოლოდ პირადი მრჩევლები და აკეთებს პირად განცხადებას დედოფლის გარდაცვალების შესახებ. მეფე დებს ფიცი, რომ შეინარჩუნებს შოტლანდიის ეკლესიას და ხელს აწერს ორ დოკუმენტს, რომლის მოწმეები ასევე იქნებიან დედოფალი-კონსორტი და უელსის პრინცი. პირადი მრჩევლები ხელს აწერენ პროკლამაციას.