ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, იპოვოს გზა, რათა დასრულდეს მთავრობის ე.წ. შათდაუნი
ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, იპოვოს გზა, რათა დასრულდეს მთავრობის ე.წ. შათდაუნი

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, იპოვოს გზა, რათა დასრულდეს მთავრობის ე.წ. შათდაუნი.

„ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას ჩვენ მზად ვართ მასთან შესახვედრად. დროა, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ დემოკრატებთან, რათა დასრულდეს ეს „შათდაუნი“ და გადაწყდეს ჯანდაცვის კრიზისი“, – განაცხადა შუმერმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 36-ე დღეა, გრძელდება და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა.

ე.წ. შათდაუნმა აშშ-ში შეაფერხა აეროპორტების მუშაობა, სადაც პერსონალის დეფიციტმა გამოიწვია გრძელი რიგები და საჰაერო სივრცის დროებითი დახურვა. 60 000-ზე მეტი დისპეტჩერი და სატრანსპორტო უსაფრთხოების თანამშრომელი ანაზღაურების გარეშე აგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.