ჩაძირვის ნაცვლად, ტუვალუს ფართობი იზრდება - წყნაროკეანური სახელმწიფოს მომავალი
20:20, 10.02.2018
კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, ზღვის დონის აწევასთან ერთად, დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა, რომ წყნაროკეანური სახელმწიფო ტუვალუ თანდათან გაქრებოდა. თუმცა, როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ქვეყნის ტერიტორია სინამდვილეში პირიქით — იზრდება.
ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეაფასეს 1971-2014 წლებში ტუვალუს ცხრა ატოლისა და 101 რიფი-კუნძულის გეოგრაფიაში მომხდარი ცვლილებები.
როგორც აღმოჩნდა, კვლევის პერიოდში, რვა ატოლმა და კუნძულების სამმა-მეოთხედმა ზომაში მოიმატა; ტუვალუს ფართობი კი მთლიანობაში 2,9%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ზღვის დონემ გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ აიწია.
კვლევის თანაავტორის, პოლ კენჩის თქმით, ეჭვქვეშ დგება ვარაუდი, რომ ზღვის დონის მატებასთან ერთად, დაბალი ქვეყნები ჩაიძირება.
„როგორც წესი, წყნარი ოკეანის ატოლებს აღვიქვამთ სტატიკურ რელიეფის ფორმებად, რომლებიც ზღვის დონის აწევასთან ერთად, მარტივად დაიტბორება, მაგრამ სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს კუნძულები გეოლოგიურად დინამიკურია და მუდმივად განიცდიან ცვლილებებს“.
„იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ნახევარი საუკუნეა ამ რეგიონში ზღვის დონე მაღლა იწევს, კვლევის შედეგები შეიძლება კონტრ-ინტუიტიური ჩანდეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, ტუვალუს თავს დატრიალებული ცვლილებების დომინანტი რეჟიმი გაფართოება იყო და არა ეროზია“.
აღმოჩენილია ფაქტორები, მაგალითად ტალღათა მახასიათებლები და შტორმების მიერ მოტანილი დანალექები, რაც ზღვის დონის აწევით გამოწვული ეროზიის კომპენსირებას ახდენს.
ოკლენდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, კლიმატის ცვლილება დაბალი ქვეყნების ერთ-ერთ მთავარ საფრხედ რჩება.
თუმცა კვლევის ავტორთა თქმით, უნდა შეიცვალოს ის მიდგომები, რომლითაც ეს ქვეყნები აღნიშნულ პრობლემას ეპასუხებიან.
ნაცვლად სახლ-კარის მიტოვებისა და ისეთ ქვეყნებში მიგრაციისა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, მკვლევართა თქმით, მათ უნდა დაიწყონ გრძელვადიანი მომავლის დაგეგმვა.
„ამ კვლევის საფუძველზე, შემდეგი საუკუნის განმავლობაში, ვხედავთ ტუვალუს კუნძულების იმაზე ბევრად განსხვავებულ ტრაექტორიას, ვიდრე ზოგადად მიიჩნევა“, — ამბობს კენჩი.
„მართალია, ვაღიარებთ, რომ საცხოვრებლად ვარგისობა ეფუძნება მრავალ ფაქტორს, მაგრამ ხმელეთის დანაკარგი ტუვალუს იძულებითი დეპოპულაციის ფაქტორი არ უნდა გახდეს“.
კვლევის ავტორთა თქმით, კუნძულოვან სახელმწიფოს კრეატიული გადაწყვეტილების მოძებნა სჭირდება, რათა მოერგოს კლიმატის ცვლილებას, რომელიც გავლენას ახდენს ამ ქვეყნის ცვალებად გეოგრაფიაზე.
შეთავაზებებს შორისაა მოსახლეობის გადაყვანა უფრო დიდ კუნძულებსა და ატოლებზე, რომლების შედარებით სტაბილურია და როგორც ჩანს, ზღვის დონის აწევასთან ერთად, ზომაშიც იზრდება.
„როგორც კუნძულზე მიმდინარე ცვლილებათა მონაცემები აჩვენებს, უკვე მათთან დაპირისპირების დროა“, — წერია კვლევაში.
ტუვალუ მდებარეობს წყნარი ოკეანის პოლინეზიის რეგიონში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის. განთავსებულია 5 ატოლსა და 4 ძირითად კუნძულზე. ქვეყნის ხმელეთის საერთო ფართობი 26 კმ²-ია და ამ მხრივ, მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პატარა ქვეყანაა, უსწრებს მხოლოდ ვატიკანს (0,44 კმ²), მონაკოს (1,95 კმ²) და ნაურუს (21 კმ²). 2012 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 10 782 ადამიანია და წარმოადგენს მსოფლიოს მესამე ყველაზე მცირედ დასახლებულ სახელმწიფოს; უსწრებს მხოლოდ ვატიკანსა და ნაურუს. ქვეყნის დედაქალაქია — ფუნაფუტი.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.