ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში შეიზღუდება

16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნული სამუშაოების გამო 16 და 17 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.