ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატად დავით უსუფაშვილის დასარეგისტრირებლად განაცხადი შევიდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დავით უსუფაშვილის დასარეგისტრირებლად განაცხადი შევიდა. უსუფაშვილი ერთობლივ კანდიდატად „შენების მოძრაობამ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ წარადგინეს.
დავით უსუფაშვილი საარჩევნო შტაბის უფროსის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში უსუფაშვილის კანდიდატურას სხვა პარტიებიც დაუჭერენ მხარს.
„დავით უსუფაშვილის კანდიდატურა მისი წარსული საქმიანობიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად შეესაბამება პრეზიდენტის პოსტს და ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი, ინსტიტუციურად დალაგებული სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ძალიან ღირსეული არჩევანი დავით უსუფაშვილის სახით“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
ცესკო-ში განაცხადი პრეზიდენტობის 12 მსურველს აქვს შეტანილი. სხვა მსურველებს განაცხადების შეტანა 8 სექტემბრამდე შეუძლიათ. 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.