ცესკო-ში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.
როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, ისნის 52-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც დამკვირვებელმა გადაამეტა მის უფლებამოსილებას, დამკვირვებელს რამდენჯერმე მისცეს გაფრთხილება. მას შემდეგ, როდესაც დამკვირვებელი არ დაემორჩილა მითითებებს, მას სთხოვეს დაეტოვებინა საარჩევნო უბანი.
ამასთან, ანა მიქელაძის განცხადებით, დარღვევა გამოვლინდა ტყიბულში, მე-13 უბანზე. მისი თქმით, ამომრჩეველმა ხმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მისცა.
„დაიწერა საჩივარი და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა მიქელაძემ.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, დარღვევა ასევე დაფიქსირდა რუსთავის 39-ე საარჩევნო უბანზე. მიქელაძის განცხადებით, ორი პირი, რომლებიც არისნ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები, ე.წ. „ორმაგი მარკირებით“ ცდილობდნენ ხმის მიცემას.
„საარჩევნო უბანზე დაუშვებელია, პირმა, ორჯერ მისცეს ხმა. აღნიშული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, საარჩევნო უბნებს გარეთ მიმდინარე ვითარება არ შედის ცესკო-ს კომპეტენციაში.
„საარჩევნო ადმინსიტრაცია პასუხისმგებელი არის არჩევნების პროფესიულად და გამჭვირვალედ ჩატარებაში და ჩვენ პასუხისმგებლობას საარჩევნო უბნებზე მიმდინარე ვითარებაზე ვიღებთ. უბნებს გარეთ სცილდება ჩვენს კომპეტენციას და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განმარტებას“, – განაცხადა მიქელაძემ.
კითხვაზე, ხომ არ არის კანონდარღვევა, რომ საქართველოს მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე შეტყობინება ნომრით „48“ ეგზავნება, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ეს არ ითვლება კანონდარღვევად. მისი თქმით, არჩევნების დღეს დაუშვებელია აგიტაცია, ფასიანი და უფასო რეკლამის გაგზავნა და მათი გამოყენება ტელევიზიასა და რადიოში.