ცესკო-ში აცხადებენ, რომ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნების დარღვევას.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარსა და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს.
„გუშინ, ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის – კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით, პროცესი განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ.
„კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის (მათ შორის სამაგიდო ვერსიის) გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა ( ანუ, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს). ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიც და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც. ამის მიუხედავად, რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან – საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და მათი მოგვიანებით – ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ“, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დამატებით ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის.
მიქელაძის განცხადებით, ცესკო უზრუნველყოფს არჩევნების ადმინისტრირებას მაღალი სანდოობითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ გამჭვირვალობასა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას და ნებისმიერ დროს მზად ვართ, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს თუ გარეშე პირებს, რომ პატივისცემით მოეკიდონ არჩევნების პროცესს და ნუ შეეცდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრირების პროცესის შესახებ. მსგავსი ფაქტების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად გააგრძელებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა. მესხის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია.
რაც შეეხება მანამდე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, დადიანების სასახლესთან, როდესაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.