ცესკო-ს სხდომა ოპოზიციის სამმა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა
ცენტრალური საარჩევნო კომიისიის დღევანდელი სხდომა ოპოზიციის სამმა წარმომადგენლემა დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით გურგენიძემ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ხათუნა სხირტლაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა, სადაც ამ წუთებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმების წარდგენა ხდება.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, შედეგები გაყალბებულია და ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„თქვენ მიერ ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ეს არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, დაძალებით, მოსყიდვით, ყოვლად უსამართლოდ და გაუმჭვირვალეთ. დღევანდელ კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ სიყალბით სავსე ოქმებს ხელს მაინც მოაწერთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცესკო-ს წევრმა, დავით კირთაძემ.
სხდომის დატოვებამდე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით გურგენიძემ კედელზე წარწერა: „არჩევნები გაყალბებულია“ გააკრა.
ამასთან, ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცება გააპროტესტა ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომდგენლემა, ირაკლი ჭყოიძემაც. მასსა და კომისიის ერთ-ერთ წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.