ცესკო-ს ინფორმაციით, 11-მა საოლქო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი სამი გადასატანი ყუთის მონაცემები, ხოლო ცხრა შემთხვევაში შედეგები გასწორდა
ცესკო-ში აცხადებენ, რომ 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში განხილვები უკვე გაიმართა და შედეგების გადათვლა განხორციელდა. აქედან 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით.
„საოლქო საარჩევნო კომისიებში განხილვის პროცესი 3 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ საქალაქო სასამართლოში ორი დღის ვადაში, რომელიც, თავის მხრივ, საჩივარს ასევე ორი კალენდარული დღის ვადაში განიხილავს“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა წარმოადგინა ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემები.
„ამ დროისთვის გადათვლები განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საიდანაც 13-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი გადათვლები განცხადება-საჩივრების საფუძველზე, ხოლო ორმა – საკუთარი ინიციატივით. შესაბამისი გადაწყვეტილებებით 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი სამი გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, ხოლო ცხრა შემთხვევაში, როგორც პროპორციულის, ასევე მაჟორიტარულის შემთხვევაში, გასწორდა შედეგები. ასევე აღსანიშნავია, რომ რვა შემთხვევაში მონაცემები დარჩა უცვლელი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და ზოგიერთ შემთხვევაში, აკრედიტებული მედიასაშუალებები. მაგალითისთვის მინდა, მოგიყვანოთ გადათვლის შედეგები, მაგალითად, მთაწმინდის ოლქი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადათვალა 01.01.18 უბანი. გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა მიღებული ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობა იყო შეცდომით და განკარგულებით მოხდა მისი გასწორება. ასევე, ამავე განკარგულებით მოხდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორება. ასევე, მაგალითისთვის, მინდა, წარმოგიდგინოთ ისნის შემთხვევა, სადაც ერთი სპეცუბნის გადასატანი ყუთის შედეგები იქნა გადათვლილი, საიდანაც მაჟორიტარულ ნაწილში გაბათილდა შედეგები, ხოლო პროპორციულზე გასწორდა განკარგულებით. ასევე, შეგვიძლია, განვიხილოთ დიდუბის შემთხვევა, როდესაც 25-ე საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა და აღნიშნული გადათვლის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები დარჩა უცვლელი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.