ცესკო - ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ორ უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუწყდა ენერგომომარაგება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ელექტროენერგია კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან მანიპულაციის თემა.
ცესკო-ს განმარტებით, კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა საარჩევნო უბნებზე, რაც შესაძლოა, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას წარმოადგენდეს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს. აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში ორ საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო ორ საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
კვლავ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია მიზანმიმართულად გათიშეს.