ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირადობის დროებით მოწმობებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ეხმაურებიან.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან, რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა კი კანონით უკვე არის უზრუნველყოფილი.
„კანონმდებლობით არის განსაზღვრული ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა უფლებამოსილი პირებისათვის და მათ შორის შედიან, როგორც რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები, ასევე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიების სიზუსტე. რაც შეეხება პირადობის დოკუმენტს, დღესდღეობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის მოქმედება არის შეჩერებული და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენი ინფორმაციით, ასეთ გამონაკლისზე მოქმედებს დროებითი ნორმები და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმოქმედოს შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში. კანონმდებლობით ამომრჩეველთა სიის ფორმირება არის განსაზღვრული, ამომრჩეველთა სიის ფორმირებას ახდენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ჩვენ წელიწადში რამდენჯერმე გადმოგვეცემა ინფორმაცია საარჩევნო უფლების მქონე პირების შესახებ, ცესკო-ს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ამ ინფორმაციას ამუშავებენ, ხდება მისი დაყოფა ოლქებისა და უბნების მიხედვით და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიას აქამდეც გადასცემდა და რა თქმა უნდა, მომავალშიც გადასცემს უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ერთი პირი ამომრჩეველთა სიაში შეიყვანება მხოლოდ ერთხელ, ერთი პირადი ნომრით“ ,- განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, რომლებიც აღმსარებლობიდან გამომდინარე უარს ამბობენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, ერთთვიან, ე.წ. ლამინირებულ პირადობებს შესთავაზებენ.
პარტიაში საარჩევნო წელს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არჩევნების გაყალებების მცდელობად აფასებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ არ დაუშვას აღნიშნული მოწმობის საფუძველზე ხმის მიცემის უფლება და, ასევე, მოითხოვენ, ხელისუფლებამ დაუშვას წვდომა საარჩევნო სიის ფორმირებაზე ისე, როგორც ეს მოხდა 2012 წელს.
ამასთან, თინა ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, ოპოზიციურ პარტიებს სიების გადამოწმების კომისიის შექმნა შესთავაზონ.
პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით დროებითი ნორმები 30 დეკემბერს ამოქმედდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე.
ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩერა პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა.