მოქალაქეები, რომლებიც „აიდი“ ბარათების მიღებაზე უარს აცხადებენ, ერთთვიანი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის აღებას შეძლებენ
მოქალაქეები, რომლებიც „აიდი“ ბარათების მიღებაზე უარს აცხადებენ, ერთთვიანი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის აღებას შეძლებენ

პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით დროებითი ნორმები ამოქმედდა,- ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე.

ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი.

ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა ერთი თვე.

ბრძანება ვრცელდება 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩერა პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა.

დატოვე კომენტარი