ცესკო „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, არჩევნების გაყალბების ახალ სქემასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს არჩევნების გაყალბების ახალ სქემასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.
როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება სპეციალურ სიებთან დაკავშირებით უსამართლოა, რადგან სპეცსიებს არა ცესკო, არამედ ის უწყებები ადგენენ, ვინც იცის, რომ მათი თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის გამო, რეგისტრაციისგან განსხვავებულ მისამართზე იქნებიან.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მათი კონსტიტუციური უფლება. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, ისინი შედიან სპეციალურ სიაში, რომელსაც, არჩევნებამდე არაუგვიანეს მესამე დღისა ანუ 25 ნოემბერს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ასევე ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ძირითად სიაში იმ ამომრჩევლების გასწვრივ, რომლებიც არიან სპეციალურ სიაში, კეთდება აღნიშვნა – „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელ მისცემს ხმას. უნდა აღნიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე საქართველო წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, სად მისცემს ამომრჩეველი ხმას”, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, სპეციალურ სიაში მყოფი ამომრჩევლები ხმას მისცემენ თავის რეგისტრაციის ადგილას თუ სპეციალური სიის საშუალებით არ ახდენა ზეგავლენას შედეგებზე.
„მნიშვნელოვანია, სწორედ იმიტომ, რომ თითოეულმა მათგანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, ისინი რეგისტრაციისგან განსხვავებულ ადგილას აძლევენ ხმას, ეს განსხვავებული ადგილი და სია არის განსაზღვრული იმ უწყებების მიერ, რომლებიც ცესკო-ს ამ მონაცემებს და შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს აწოდებენ”, – განაცხადა მიქელაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს
განაცხადა, რომ ცესკო არჩევნების გაყალბების ახალ სქემაზე მუშაობს. მისივე თქმით, თბილისში, სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილია
სპეცსიები, რომელიც პირველ ტურთან შედარებით 1329 ადამიანით არს გაზრდილი.