ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს
ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს. კერძოდ, გაუქმებულ სიაში არ არიან სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრები.
სიის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე 31 დეკემბერს არის ატვირთული. განკარგულებას ხელს ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შარაბიძე აწერს.
დოკუმენტის მიხედვით, გადაწყვეტილება პარტიული სიით რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების მიერ 2020 წლის 29 დეკემბერს წარდგენილი პირადი განცხადებების საფუძველზე არის მიღებული.
„საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პარტიული სიით რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების მიერ 2020 წლის 29 დეკემბერს წარმოდგენილი პირადი განცხადებების (ცესკო-ში რეგისტრაციის N7640) საფუძველზე, ვადგენ:
მუხლი 1. გაუუქმდეთ საარჩევნო რეგისტრაცია და მოხსნილ იქნან საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები, დანართის შესაბამისად“, – წერია ცესკო-ს განკარგულებაში.
ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების დანართის მიხედვით, გაუქმებულ საარჩევნო სიაში არ არიან მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრები. „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის წარდგენილ საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად მითითებულია – გელა მიქაძე, მეშვიდე ნომერი არის ფრიდონ ინჯია და მერვე ნომერი დავით ზილფიმიანი.
„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეექვსე ნომერი ნანა დევდარიანი არ გამორიცხავს, რომ პარტიის დამფინანსებლებმა ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლონ და პარლამენტში შევიდნენ.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ ოთხი მანდატი აქვს მიღებული. ამასთან, პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ. პარტიის ამ სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ 4 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.
რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.
არ არის გამორიცხული, რომ პარტიის სიის სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მათი ადგილმონაცვლეობის პრინციპით „პატრიოტთა ალიანსის“ სწორედ იმ სამმა წევრმა ისარგებლოს, რომლებსაც ცესკო-ს განკარგულების მიხედვით, სიიდან ჩახსნის თაობაზე ჯერ არ მიუმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის.