ცენტრმა „ემპათიამ“ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გამართა
ცენტრმა „ემპათიამ“ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გამართა.
როგორც დოკუმენტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, როგორც კვლევის მიხედვით, აქციის დაშლისას სამართალდამცავების მხრიდან არაერთი დარღვევა გამოვლინდა. მონაცემების სტატისტიკური ნაწილის მიხედვით, შემთხვევათა 76 %-ში ადგილი ჰქონდა რეზინის ტყვიების არაადეკვატურ გამოყენებას.
ცენტრის წარმომადგენლის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, 20-21 ივნისის განვითარებული მოვლენები შეფასებულია, როგორც განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაული.
მისივე თქმით, კვლევა მომზადდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით და გამოყენებული იყო როგორც სხვადასხვა დოკუმენტი, ასევე მონაწილეობას იღებდა 30 პირი, რომლებიც აქციის დაშლისას დაშავდნენ.
„მინდა გითხრათ, ეს არის კვლევა, რომელიც მიეძღვნა 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს, რომელიც შემდგომში გავრილოვის სახელით არის ცნობილი და ჩვენ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა გაგვერკვია, იყო ეს სასტიკი სპეცოპერაცია სადამსჯელო მიზნით, თუ იყო გამოწვეული გადაუდებელი მიზნით. შემდგომში კვლევამ წარმოშვა ორი ძირითადი პრობლემა; ესენია – დაირღვა თუ არა საოკუპაციო კანონი საქართველოში. გარდა ამისა, კვლევამ წარმოშვა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა იმის თაობაზე, რამდენად იყო ლეგიტიმური შს მინისტრის მხრიდან პარლამენტის შიგნით განკარგვა ძალაუფლების და შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები შსს-ს დაქვემდებარებაში. ამ საკითხის ლეგიტიმურობაზე უნდა გასცეს პასუხი აუცილებლად ხელისუფლებამ და გამოძიებამ. გარდა ამისა კვლევაში არის სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენად სასტიკი იყო დარღვევა. გამოკვლეულთა 76 %-ს დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულის ზედა ნაწილში, რაც ნიშნავს რომ ტყვიების სროლა იყო დამიზნებით, საშუალოდ სამი ტყვია იყო ნასროლი თითო ადამიანზე და გვქონდა შემთხვევები, სადაც იყო ექვსიდან 11 ტყვიამდე ნასროლი და ზურგში მოხვედრილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვერ ხვდება ვერანაირ საერთაშორისო სტანდარტებში.
თვითონ შეფასებული იქნა მოვლენაც, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, არაადამიანური მოპყრობა, ასევე არის ინფორმაცია სტატისტიკური, რომ დაკავება და ცემა მიმდინარეობდა მოშორებით, ცენტრ „ემპათიას“ აქვს სტრასბურგში საქმე ამ მიმართულებით, სადაც დაწყებულია კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ასევე, თუ რამდენად მოქმედებდნენ კანონის დაცვით სამედიცინო დაწესებულებები, რამდენად იყო ხელმისაწვდომი მათი სამედიცინო დოკუმენტაცია და კიდევ ერთი თავი ეძღვნება გამოძიების არაეფექტურობას, რამდენად არ აქვთ წვდომა ადვოკატებს, დაზარალებულებს და რა თქმა უნდა, არც ცენტრ „ემპათიას“ არ გადმოსცეს სამედიცინო თუ სხვა სახის სისხლის სამართლის საქმეები. ესეც არღვევს განსაკუთრებით საქართველოს კანონს პაციენტების შესახებ, სადაც მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა საკუთარ დოკუმენტაციაზე. შესაბამისად, პრაქტიკულად ყველა სფეროში არის არაეფექტურობა, არის სერიოზული ხარვეზები საკანონმდებლო და პრაქტიკული“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოს ეროვნულ კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებს შორის პოლიციური სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
„კვლევაში გაცემულია რეკომენდაციები, თუ გაითვალისწინებენ, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დავეხმაროთ. ეს კვლევა გადაეცემა დონორ ორგანიზაციებს და დევს ჩვენს საიტზე, ასევე გადაეგზავნება ევროპარლამენტარებს, ამერიკის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს, საქართველოს მეგობართა ჯგუფს და ექნება ფართო რეზონანსი. ჩვენ 39 წერილი გავაგზავნეთ სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა სამინისტროში და შსს-მ თავისით მოიწერა, პრაქტიკულად ბრძანების გამცემი არ იყო და თითოეული სპეცრაზმელი მოქმედებდა საკუთარი ინიციატივით. გამოკითხული იქნა 30 დაზარალებული, რომელთაც მიადგათ სხვადასხვა დაზიანება.
გადავწყვიტეთ 9 აპრილს გაგვემართა ეს პრეზენტაცია, ვინაიდან ეს არის სიმბოლური დღე საქართველოს ისტორიაში; ამ დღეს გამოცხადდა დამოუკიდებლობა და ამ დღეს მოითხოვა საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენა, რასაც მოჰყვა დარბევა, დაზარალება და 21 ადამიანის გარდაცვალება. აქ არის განსხვავება – იმ დღეს არბევდნენ რუსეთის სპეცდანაყოფები, ვინაიდან საქართველოს პოლიციამ გადაწყვიტა უარის თქმა მონაწილეობაზე, 20 ივნისს კი, გვაქვს პარადოქსული მოვლენა ანტისაოკუპაციო აქციაზე საქართველოს პოლიციამ დაარბია საკუთარი მოქალაქეები და ეს დარბევა არ არის იმაზე ნაკლებად სასტიკად ჩადენილი, ვიდრე იყო 9 აპრილს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.