ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურები ჩინეთის ლიდერს ხვდებიან. როგორც „როიტერი“ წერს, დაგეგმილია ერთობლივი სამიტის გამართვა, სადაც პეკინთან რეგიონული თანამშრომლობის პაქტი გაფორმდება.
მანამდე კი ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის მეთაურები ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
ჩინეთის ქალაქ სიანში მიმდინარე ორდღიან სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები მონაწილეობენ.
როგორც „როიტერი“ წერს, სი ძინპინი უკვე შეხვდა ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებს.
ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე იყო საუბარი.
„როიტერის“ ცნობით, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის მოცულობა შარშან 70 მილიარდ დოლარს აღწევდა. ამ რეგიონის ხუთი სახელმწიფოდან ჩინეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ყაზახეთია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 31 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას მოსდევს ყირგიზეთი 15,5 მილიარდი დოლარით და თურქმენეთი 11,2 მილიარდი დოლარით.