ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი - სტრასბურგი ჩვენს სარჩელს წარმოებაში მიიღებს, ამაზე ლაპარაკიც არ არის, ველოდებით, რომ საქმეს მოვიგებთ
ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მათი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ მიიღო.
მისი თქმით, სარჩელი მიღებულია, მას რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა და ახლა შემდგომ კომუნიკაციას ელოდებიან.
როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ეს არის მათი ორგანიზაციის ინდივიდუალური სარჩელი, რომელთანაც კავშირში არ არის იუსტიციის სამინისტრო.
„ჩვენი სარჩელი ეხება ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევას, მათ შორის წამების აკრძალვას, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას, ასევე ოჯახის ღირსების შელახვას. მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაში გადმოსცეს ოჯახს ცხედარი. სარჩელს თან ახლავს მტკიცებულებები 40 დანართის სახით, სულ დაახლოებით 800 გვერდია, მათ შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლეს. რა თქმა უნდა, სტრასბურგი ჩვენს სარჩელს წარმოებაში მიიღებს, ამაზე ლაპარაკიც არ არის და საბოლოოდ მოლოდინი გვაქვს, რომ სარჩელს მოვიგებთ“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოში უკვე შესულია სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმესაც მოიცავს.