ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ტ. თბილისში დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
„სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას მაყუჩიანი პისტოლეტი და სამი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.