საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ფართოვდება. სკრინინგის ჩატარება, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკრინინგის კუთხე საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლშია მოწყობილი.
პროცესის მიმდინარეობას დღეს პირადად გაეცნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
სიახლეებია დაფინანსების კუთხითაც. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი – კონფირმაციული ტესტი და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ვეტერანებისთვის მოქმედებს 70%-იანი თანადაფინანსების სისტემა.
„გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომლებშიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე ჩართულია ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტში უკვე ჩართულია რვა პირველადი ჯანდაცვის და სამი ზიანის შემცირების ცენტრი.
სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან შვიდ დღეში შეძლებენ, ნაცვლად ერთი თვისა“, – აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 49 000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 45 000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი კი 98,3 პროცენტია.