C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან მკურნალობის კურსში 45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურნალობის კურსში 45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო, მედიკამენტის მიღება კი, უკვე 40 ათასამდე პირმა დაასრულა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარ თემას C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.
ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელი ბეტ სკაგსი, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სერვისების დეცენტრალიზაციის მიზანია, მოსახლეობისთვის HCV პროგრამაში ჩართვა გამარტივდეს, შემცირდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ბარიერები, ტრანსპორტირების ხარჯები, შეიქმნას სკრინინგის, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ჩართვის სერვისების, საჭირო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურნალობის კურსში 45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო, მედიკამენტის მიღება კი, 40 ათასამდე პირმა უკვე დაასრულა, რაც სამიზნე პოპულაციის 30%-ს შეადგენს, მაშინ, როცა მსოფლიოში მკურნალობის საჭიროების მქონე პირების მკურნალობის მოცვის მაჩვენებელი 7-9%-ზეა. საქართველოს პროგრამის ფარგლებში განკურნების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, C ჰეპატიტის ელიმინაციის საქართველოში მიმდინარე პროგრამა ამ მხრივ უნიკალურია, რადგან სკრინინგი, კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და 600-მდე სამედიცინო ცენტრში ქვეყნის მასშტაბით.