ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ შს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, პატიმრობის გადაწყვეტილება უკანონოა და მას ზემდგომ ინსტანციაში 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებს.
ადვოკატის თქმით, საქმეში დღეს ჩაერთო, სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადაეცა 16-ტომიანი საქმის მასალები, რომლის გასაცნობად დრო ითხოვა, თუმცა მოსამართლემ სხდომის გადადებაზე უარი თქვა, რაც მისი შეფასებით უკანონოა.
ამასთან, ელდარ გვალიას თქმით, მან ვერ მოასწრო ოქრუაშვილთან შესვლაც პოზიციების შეთანხმების მიზნით. ახლად დანიშნული ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილს სავარაუდოდ ორშაბათს, 25 ნოემბერს შეხვდება.
ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე უკვე პატიმრობაში იმყოფება. რაც შეეხება ბუტა რობაქიძის საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, ყოფილ მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, იგი დაუსწრებლად უკვე არის მსაჯვრდებული და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო სხდომა 8 იანვარს გაიმართება.
აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი.