ბურუნდიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯანდაცვის კიდევ სამ ექსპერტს ქვეყნის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მისცეს.
აფრიკული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის გაძევების მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ.
ბურუნდის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან ხელისუფლებამ 20 მაისს დაგეგმილი არჩევნები არ გადადო. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციებზე სოციალური დისტანცია დაცული არ არის.
ოფიციალური მონაცემებით, ბურუნდიში „კოვიდ-19“-ის 15 შემთხვევა აღრიცხეს. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. თუმცა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობა გამოუცხადეს.