ბურკინა ფასოში შეიარაღებულმა პირებმა 37 ადამიანი მოკლეს, 60 კი, დაჭრეს
ბურკინა ფასოში შეიარაღებულმა პირებმა 37 ადამიანი მოკლეს, 60 კი, დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სამთო კომპანიის კოლონაზე თავდასხმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბუნგუდან 40 კილომეტრის მოშორებით მოხდა. კანადური კომპანია „სემაფოს“ ხუთი ავტობუსი ქალაქ ბუნგუსკენ მიემართებოდა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კომპანიის თანამშრომლების დაცვის მანქანა ბოროტმოქმედებმა ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს. რის შემდეგაც კოლონაზე თავდასხმა განახორციელეს.
ბურკინა ფასოში 2015 წლის შემდეგ მალის სასაზღვრო ზონასთან განსაკუთრებული დაძაბულობაა, რადგან მეზობელი ქვეყნის ამ რეგიონში ისლამისტი მებრძოლები არიან. გაერო-ს ცნობით, პრობლემის გამო ბურკინა ფასოს აღნიშნული რეგიონი ბოლო თვეებში 500 ათასმა ადგილობრივმა დატოვა.
„ბიბისის“ ცნობით, ისლამისტებმა ბოლო 15 თვეში კანადური კომპანიის თანამშრომლებზე სამი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. გახშირებული ძალადობის გამო კანადურმა კომპანიამ უსაფრთხოების წესები გაამკაცრა და საკუთარ თანამშრომლებს შორ მანძილზე გადაადგილების დროს დაცვის წარმომადგენლები დაუნიშნა.