ბუნდესტაგში ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გერმანიის რკინიგზაზე მომხდარ საბოტაჟთან რუსეთის შესაძლო კავშირებს სამართალდამცავები შეისწავლიან
ბუნდესტაგში ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გერმანიის რკინიგზაზე მომხდარ საბოტაჟთან რუსეთის შესაძლო კავშირებს სამართალდამცავები შეისწავლიან

გერმანიის რკინიგზაზე მომხდარ საბოტაჟთან რუსეთის შესაძლო კავშირებს სამართალდამცავები შეისწავლიან. ამის შესახებ განცხადება ბუნდესტაგში ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა გააკეთა. ის არ გამორიცხავს, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანება განზრახ მოხდა.

„ამის გასაკეთებლად ზუსტად უნდა იცოდე რკინიგზის კავშირგაბმულობის სისტემა. კითხვა შემდეგში მდგომარეობს – არის თუ არა ეს დივერსია უცხო ქვეყნების მხრიდან?“ – აცხადებს პოლიტიკოსი გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე თავდასხმისა და გერმანიის რკინიგზაზე საბოტაჟშიც შესაძლოა, გამოიკვეთოს კრემლის კვალი. გერმანელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს კრემლის გაფრთხილება ბერლინისთვის უკრაინის მხარდაჭერის გამო.

გერმანიის რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო 8 ოქტომბერს მატარებლების მოძრაობა გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში პრაქტიკულად პარალიზებული იყო. გერმანული მედიის ცნობით, დაზიანდა საკომუნიკაციო ქსელი, რომლითაც დისპეჩერები მატარებლების გადაადგილებას აკონტროლებენ.

გერმანიის რკინიგზაში ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ სისტემა განზრახ დააზიანეს.

ამჟამად მომხდარის გამოძიებას სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სამსახური და სხვა უწყებები აწარმოებენ.