ბულგარეთში ტელეჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა მოკლეს
ბულგარეთში ტელეჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა მოკლეს

ბულგარეთის ქალაქ რუსეში ტელეჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა მოკლეს. როგორც რეგიონულმა პროკურორმა, გიორგი გეორგიევმა განაცხადა, გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის პროფესიულ საქმიანობას.

ვიქტორია მარინოვას ცხედარი ქალაქ რუსეს პარკში აღმოაჩინეს. მას თავში გაურკვეველი საგანი ჩაარტყეს და გაგუდეს. 30 წლის ქალის ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. ცხედრიდან რამდენიმე მეტრში მისი პირადი ნივთები იპოვეს. მახლობლად კი ჟურნალისტის ავტომობილი იდგა.

მარინოვა რუსეში ტელეკომპანია TVN-ის განყოფილების დირექტორი იყო. სექტემბრის ბოლოდან ეთერში მისი თოქშოუ „დეტექტორი“ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბოლო თემა, რომელზეც მარინოვა მუშაობდა, ევროკავშირის ფონდების გაფლანგვის სკანდალი იყო. საუბარია ევროკავშირის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებზე. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფინანსურ მაქინაციებთან შესაძლოა, ბულგარეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ჰქონდეთ კავშირი. რეგიონული ტელეკომპანია TVN-ი ერთადერთი ბულგარული ტელეკომპანია იყო, რომელიც აღნიშნულ სკანდალს აშუქებდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ევროკავშირში გამომძიებელი-ჟურნალისტების უკვე მესამე მკვლელობაა. გასული წლის ოქტომბერში მალტაზე მოკლეს ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალისია. თებერვალში სლოვაკეთში იან კუციაკი და მისი საცოლე მოკლეს. სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და შედეგად მთავრობის გადადგომა მოჰყვა.