ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი ქალაქ ტულენოვოში აღმოჩენილ დრონს უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი ტოდორ ტაგარევი ბულგარეთის შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ ტულენოვოში აღმოჩენილ დრონს უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს. ამის შესახებ მან ბულგარულ მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს ომი გვერდს აგვივლის. დიახ, რისკები ბულგარეთისთვის არსებობს“, – აღნიშნა ტაგარევმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს გამოძიება, როგორ აღმოჩნდა დრონი ბულგარეთში.
შეგახსენებთ, ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალიზებულმა ჯგუფმა ორშაბათს გაუვნებელყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც საკურორტო ქალაქ ტიულენევოში, შავი ზღვის ნაპირზე უცნობი წარმომავლობის დრონის ნამტვრევებს შორის აღმოაჩინეს.