ბულგარეთის სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ურყევი რჩებიან მისწრაფებაში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის დაძლევას
ბულგარეთის სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ურყევი რჩებიან მისწრაფებაში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის დაძლევას

ევროკომისია ბულგარეთის პარლამენტის მიერ სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ დამტკიცებულ კანონს გამოეხმაურა.

როგორც ევროკომისიის პრესმდივანმა, ანიტა გიპერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდის.

„მინდა, შეგახსენოთ ევროკომისიის პოზიცია, ჩვენ ვრჩებით ურყევები ჩვენს ვალდებულებებსა და მისწრაფებებში, რომლებიც გულისხმობს დისკრიმინაციისა და უთანასწორობის, ასევე იმ გამოწვევების დაძლევას, რომლებსაც  ლგბტქ პირები აწყდებიან“, – განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა.

ამასთან, ევროკომისიაში არ უთქვამთ, გეგმავენ თუ არა რაიმე ზომების გატარებას ბულგარეთის მიმართ.

ცნობისთვის, ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას კრძალავს.

საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ, ბულგარეთის პარლამენტში 159-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 22, ხოლო თავი შეიკავა 12-მა კანონმდებელმა.