ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ბულგარეთსა და საქართველოს შორის ახალი ამბების გაცვლას ითვალისწინებს
ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტომ (BTA) და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ბულგარეთსა და საქართველოს შორის ახალი ამბების გაცვლას ითვალისწინებს.
ხელმოწერის ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, BTA-ს სათავო ოფისში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა და BTA-ს გენერალურმა დირექტორმა, კირილ ვალჩევმა.
„ამ დრომდე, ორი ქვეყნიდან ახალი ამბები ვრცელდებოდა გლობალური საინფორმაციო სააგენტოებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი და საქართველო შავი ზღვის გადასწვრივ მეზობელი ქვეყნები არიან. ეს შეთანხმება ახალი აბების პირდაპირ გაცვლის შესაძლებლობას აძლევს ორ ქვეყანას, რომლებსაც საერთო ევროპული მომავალი აქვთ, რადგან 2014 წლიდან საქართველოს გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რომლის სრულუფლებიანი წევრია ბულგარეთი 2007 წლიდან“, – განაცხადა კირილ ვალჩევმა.
ვალჩევმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთის კავშირებზე და აღნიშნა, რომ, საქართველოს ბულგარელთა სათვისტომოს მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 700 ბულგარელი ცხოვრობს. მისივე თქმით, 2021 წელს თბილისში გაიხსნა სოფიას ბაღი და ამავე წელს, ბულგარეთის მხარდაჭერით, თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია, სახელწოდებით „ბულგარული დარბაზი“.
ამასთან, შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
„მჯერა, ეს მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ახალი ამბების ღირებულების კუთხით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საერთო გამოწვევა არის ყალბი ახალი ამბები. დღესდღეობით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა ეს ინფორმაცია არის ჭარბი. ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ და შევარჩიოთ მხოლოდ რამდენიმე სანდო წყარო. ეს თანამშრომლობა ორივე ორგანიზაციას შემატებს ღირებულებას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
თინათინ ბერძენიშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის ამ შეთანხმების მნიშვნელობაზე.
„საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები სწრაფად და პოზიტიურად ვითარდება, თუმცა ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით. ახლა კი ვაყალიბებთ საზოგადოებისთვის კომუნიკაციის პირდაპირ ხაზს. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეები სიამოვნებით გაიგებენ მეტს ბულგარეთის შესახებ და ჩამოვლენ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ტურისტული ვიზიტით, კულტურის გასაცნობად და მრავალი სხვა მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის, ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს ამ ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით კლასიკურ მუსიკაში. ეს შეთანხმება არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი ხალხისთვის, დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ასე რომ, მოდით, დავიწყოთ“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
ამგვარი თანამშრომლობის მემორანდუმი BTA-ს 46 ქვეყნის მედიასაშუალებებთან აქვს.
სოფიაში ვიზიტით მყოფი თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობს აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებრივი მედიაორგანიზაციების ლიდერების შეხვედრაში, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირის ეგიდით იმართება. ღონისძიებას ბულგარეთის ეროვნული რადიო მასპინძლობს.