ბულგარეთის საგარეო უწყება საბერძნეთსა და თურქეთს წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს
ბულგარეთის საგარეო უწყება საბერძნეთსა და თურქეთს წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთისა და თურქეთის ხელისუფლებას მდინარეების, მარიცასა და მისი შენაკადის, არდას საგანგაშო ნიშნულამდე ადიდების გამო აფრთხილებს.

მდინარე მარიცა ბულგარეთიდან თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარზე მიედინება. საბერძნეთისთვის გაგზავნილ გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ გადაუღებელი წვიმის გამო, რომელსაც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, მდინარე არდაში წყლის დონე კიდევ უფრო მოიმატებს.

ბულგარეთის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ უახლოეს დღეებში ამავე მდინარეზე აგებული ივაილოვგრადის კაშხალი გადაივსება. არსებობს წყალდიდობისა და დატბორვის საფრთხე, რის გამოც, ჰიდროელექტროსადგური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე უკვე გადაერთო.

რაც შეეხება მდინარე მარიცას, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ სვილენგრადის მიდამოებში, წყლის დონე საგანგაშო, წითელ ნიშნულამდეა აწეული. გაფრთხილება თურქეთის ხელისუფლებასაც გაეგზავნა.