ბულგარეთის პროკურატურა ორი პრორუსული გასამხედროებული ორგანიზაციის დახურვას ითხოვს
ბულგარეთის პროკურატურა ორი პრორუსული გასამხედროებული ორგანიზაციის დახურვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ქვეყნის პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. საუბარია „ვასილი ლევსკის სახელობის ბულგარულ სამხედრო კავშირსა“ და მის შემადგენლობაში შემავალ ორგანიზაცია „შიპკაზე“.
ბულგარეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამ ჯგუფების საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ორგანიზაცია „შიპკას“ წინააღმდეგ გამოძიება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდების მანამდეც მიმდინარეობდა.
ორივე ორგანიზაცია ცნობილია პრორუსული და ანტიდასავლური რიტორიკით. ისინი ბულგარეთის ნატო-სა და ევროკავშირში ყოფნას ეწინააღმდეგებიან. ბულგარეთის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს „საიდუმლო და გასამხედროებული სტრუქტურები“ და ატარებენ სამხედრო წვრთნებს, რეიდებს თურქეთის საზღვარზე, რაც, მათივე მტკიცებით, „არალეგალი მიგრანტების დაკავებას ისახავს მიზნად“.
პროკურატურის სარჩელს ვარნას ადგილობრივი სასამართლო განიხილავს.