ბულგარეთის პრეზიდენტმა ანტილგბტ კანონს ხელი მოაწერა
ბულგარეთის პრეზიდენტმა ანტილგბტ კანონს ხელი მოაწერა

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს ბულგარულ სკოლებში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მოწოდებების მიუხედავად.

ევროაქტივის“ მიხედვით, კანონპროექტი ინიცირებული იყო რადიკალური პრორუსული პარტიის, „აღორძინების“ მიერ და მხარდაჭერილი იქნა GERB-ისა და ასევე პრორუსული მემარცხენე პარტიის, BSP-ის მიერ. ის პარლამენტმა ორი მოსმენით, დაჩქარებული წესით, ერთ დღეში მიიღო და ახლა, პრეზიდენტის თანხმობით, ძალაში შედის.

ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეხება „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას“, ჩაითვლება „პროპაგანდად“.

კანონი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ და საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ბეატრის ფრესკო-როლფომ გამოხატეს ღრმა შეშფოთება და მოუწოდეს ბულგარეთის ხელისუფლებას კანონის გაუქმებისკენ. ბულგარეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ასევე გააკრიტიკა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმაც.

ევროკავშირის თანასწორობის კომისარმა, ჰელენა დალიმ კი განაცხადა, რომ დაიწყებს გამოძიებას იმის დასადგენად, არღვევს თუ არა ეს კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას. მან წერილი გაუგზავნა ბულგარეთის განათლების მინისტრს, მოითხოვა რა დამატებითი განმარტებები კანონის შინაარსსა და მისი აღსრულების გზებზე.

როგორც „ევროაქტივი“ აღნიშნავს, ბულგარეთში მიღებული კანონი რუსეთში 11 წლის წინ შემოღებულ კანონს ჰგავს, რომელიც კრძალავს „ჰომოსექსუალურ პროპაგანდას“ არასრულწლოვნებში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა კანონმდებლობა და, ფაქტობრივად, სრულად აკრძალა „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები“.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის წინა პარლამენტმა უარყო მსგავსი კანონპროექტი, ამჟამინდელმა ეროვნულმა ასამბლეამ მას მხარი დაუჭირა.

ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა უკვე გამოხატა თავისი პოზიცია კანონის გამოქვეყნების შესახებ განკარგულების ხელმოწერით.