ბულგარეთის პრემიერი- ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ რუსი დიპლომატები უნდა გავაძევოთ
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი აცხადებს, რომ ბულგარეთი ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, რუს დიპლომატებს არ გააძევებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატო-ს მოკავშირეებთან სოლიდარულია და მოსკოვიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია. თუმცა, მისი თქმით, მომდევნო ნაბიჯებისთვის დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო.
„ როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხი, ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში თურქეთთან ზედმეტი დაძაბულობის დროს მოხდა. იგივე უნდა გავაკეთოთ რუსეთთან. ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ რუსი დიპლომატები უნდ გავაძევოთ“, – განაცხადა ბოიკო ბორისოვმა მთავრობის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.
ბორისოვის თქმით, ბულგარეთის ელჩი რუსეთში აღდგომის შემდეგ დაბრუნდება.
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის გამო, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა და რუსი დიპლომატები გააძევა 30-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.